top of page

ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲗᲐ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲐᲜᲝᲜᲗᲐᲜ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲝᲑᲐᲨᲘ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲚᲘ ᲕᲐᲓᲔᲑᲘ

„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონში, ბოლო, 2024 წლის 01 იანვრის ცვლილებებით, საქართველოში 2022 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებულ მეწარმეებს განესაზღვრათ განახლებული ვადები რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და დეტალურად გაიწერა ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. 


წინამდებარე სტატია დაწვრილებით განიხილავს ბოლო ცვლილებების მნიშვნელობას ბიზნესისთვის. 



1..რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა


2022 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა მეწარმე, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია 2025 წლის 01 აპრილამდე უზრუნველყოს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის (ასევე წოდებული, როგორც „ახალი კანონი“) მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება.


აღსანიშნავია, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, მეწარმეების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საბოლოო ვადა განისაზღვრებოდა 2024 წლის 01 იანვრამდე პერიოდით. 


2. ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები


მეწარმის რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს რეგისტრაციის შეჩერებას. ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ ინფორმაციას უზიარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერებით იზღუდება: 


  • მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის  წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; 

  • მეწარმის მიერ ქონების განკარგვის უფლება; 

  • საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა; 

  • საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის უფლება; 

  • კრედიტის აღების  შესაძლებლობა. 


შესაბამისად, იზღუდება მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და საოპერაციო შესაძლებლობები. 


რეგისტრაცია აღდგება მეწარმის მიერ ვალდებულების შესრულებისთანავე.


3. საჯარო შეტყობინება და „შესაბამისობის რეგისტრაციის პორტალი“


რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი (შემდგომში ასევე წოდებული, როგორც „პორტალი“). პორტალი წარმოადგენს „ინფორმაციულ ცენტრს“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნებისთვის. 


გადაწყვეტილების პორტალზე განთავსება გულისხმობს მის გამოქვეყნებას და შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნების დღესვე. 


4. საშეღავათო პერიოდი და ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსი


მეწარმეების მიერ 2025 წლის 1 აპრილამდე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო 2026 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად უდგენს დამატებით „საშეღავათო“ 3-თვიან ვადას.


ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ასევე ქვეყნდება პორტალზე. გამოქვეყნების წესით ჩანაცვლდა ბოლო ცვლილებებამდე განსაზღვრული იურიდიულ მისამართზე ან მეწარმის ინდივიდუალურ პორტალზე განთავსების წესი, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს აძლევს საშუალებას ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში გააუქმოს მეწარმის რეგისტრაცია. 


ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსის არსებობის პერიოდში ჩერდება რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა. ხარვეზიან საზოგადოებას სრული მოცულობით აქვს შეზღუდული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და საოპერაციო შესაძლებლობები.


5. რეგისტრაციის გაუქმება და ლიკვიდაცია 


2026 წლის 01 იანვრიდან დადგენილი ხარვეზის 3 (სამი) თვის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 


თუ სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დაინტერესებული პირის ინიციატივით დადგინდება, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება, ხორციელდება საზოგადოების ლიკვიდაცია ზოგადი წესით. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს. 


6. გამონაკლისი ინდივიდუალური მეწარმეებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის


ცვლილებებით დაკონკრეტდა იმ პირთა წრე, ვისაც კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ეხება და განისაზღვრა, რომ შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება არ ეხებათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს.


სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეზე არ ვრცელდება, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია და არა ვალდებული მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთარი რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მოხოვნით. 


მეწარმეებს განესაზღვრათ დამატებითი, 2025 წლის 01 აპრილამდე, ვადა რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის. ვალდებულების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა გამოიწვევს, პირველად ეტაპზე მეწარმის რეგისტრაციის შეჩერებას, შემდგომ ხარვეზიანობის სტატუსის განსაზღვრას და საბოლოოდ მეწარმის რეგისტრაციის გაუქმებას. 


bottom of page