top of page

საგადასახადო აუდიტი - რას ამოწმებს და როდის სჭირდება კომპანიას კვალიფიციური გუნდის დახმარება?

4 hours ago
4 min read

საგადასახადო აუდიტი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისა და დოკუმენტაციის შეფასებას გულისხმობს. ის ბიზნესს ეხმარება, დროულად აღმოაჩინოს დეკლარაციებში, დღგ-ის სწორად აღრიცხვასა და სხვა საგადასახადო საკითხებში არსებული შეუსაბამობები. აუდიტის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპანია იზრდება, ბუღალტერს ცვლის ან შემოსავლების სამსახურისგან შემოწმების შეტყობინებას იღებს.


რატომ არის მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკების დროულად გამოვლენა?

ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება ფინანსური ოპერაციების რაოდენობაც. შეიძლება შეიცვალოს მომწოდებლების წრე, გაიზარდოს ბრუნვა ან კომპანიამ ახალი ტიპის ოპერაციები დაიწყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციები, ბუღალტრული ჩანაწერები და დამადასტურებელი დოკუმენტები ერთმანეთს შეესაბამებოდეს.


შეუსაბამობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კომპანიამ კანონი დაარღვია. თუმცა, თუ მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა ან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს გადასახადების გაანგარიშების სისწორეზეც და დამატებითი რისკები წარმოშვას. 


შიდა შემოწმება კომპანიას საშუალებას აძლევს, პრობლემები მანამდე აღმოაჩინოს, სანამ ისინი რთულად სამართავ საკითხებად გადაიქცევა ან მათი აღმოჩენა საგადასახადო შემოწმების დროს იჩენს თავს. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შემთხვევები, როცა ბუღალტერი იცვლება, წინა პერიოდების ჩანაწერები არასრულყოფილია ან დეკლარაციებში დაშვებული შეცდომის გამოსწორებაა საჭირო.


რას ამოწმებენ საგადასახადო აუდიტის დროს?

შიდა საგადასახადო შემოწმებისას მნიშვნელოვანია კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული მონაცემებისა და დოკუმენტების გადამოწმება. 


დეკლარაციები და ბუღალტრული ჩანაწერები - მნიშვნელოვანია, დეკლარაციებში ასახული მონაცემები ბუღალტრულ აღრიცხვას შეესაბამებოდეს. თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა, საჭიროა ამის მიზეზის დადგენა.


დღგ-ის აღრიცხვა - დღგ-ის გადამხდელმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს, სწორად არის თუ არა ასახული შესაბამისი ოპერაციები. მათ შორის, შესაბამის პერიოდში და ემთხვევა თუ არა სააღრიცხვო მონაცემები დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას.


ხელფასები და სხვა გადასახადები - უნდა შეფასდეს, სწორად არის თუ არა აღრიცხული თანამშრომლებთან მიმართებით გადახდილი თანხები და მათთან მიმართებით შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. 


პირველადი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები უნდა ადასტურებდეს აღრიცხვაში ასახულ ოპერაციებს. 


წინა პერიოდების მონაცემები - თუ აღრიცხვაში ხარვეზები აღმოჩნდა, საჭიროა მათი მასშტაბის დადგენა და იმის შეფასება, რა გავლენას ახდენს ისინი საგადასახადო ვალდებულებებზე.


რას ნიშნავს შემოსავლების სამსახურის შემოწმება?

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური ან გასვლითი. ეს ორი ფორმა შემოწმების ჩატარების წესით განსხვავდება.


კამერალური შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელისგან მიღებული განმარტებებისა თუ დოკუმენტების საფუძველზე. საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თუ გამოვლენილი შეცდომა გადასახადის თანხას ცვლის, დგება საგადასახადო შემოწმების აქტი.


გასვლითი შემოწმება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება. ჩვეულებრივ, გადასახადის გადამხდელს შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე ეგზავნება. შემოწმება შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა უნდა დაიწყოს. თუ ამ ვადაში არ დაიწყება, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.


გასვლითი შემოწმება შეიძლება იყოს სრული ან თემატური, ანუ კომპანიის საქმიანობის კონკრეტულ საკითხებს მოიცავდეს. კოდექსი ასევე ითვალისწინებს გადაუდებელ გასვლით შემოწმებას, რომელიც კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სასამართლოს ნებართვით, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე ტარდება. 


ამიტომ, თუ შემოსავლების სამსახურიდან შემოწმების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, რა ტიპის შემოწმება იგეგმება და რომელი დოკუმენტების წარდგენა შეიძლება დაგჭირდეთ. 


რამდენი წლის მონაცემები შეიძლება შეამოწმოს საგადასახადო ორგანომ?

საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა, როგორც წესი, სამი წელია. ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.


თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში შემოწმება მხოლოდ ბოლო სამი წლის მონაცემებს შეეხება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, მათ შორის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების საფუძვლებს. ამიტომ კონკრეტული პერიოდის შეფასებისას საჭიროა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინება.


შეიძლება თუ არა შეცდომის გამოსწორება შემოწმების დაწყებამდე?

თუ კომპანია წარდგენილ დეკლარაციაში შეცდომას აღმოაჩენს, მასში შესაბამისი ცვლილება ან დამატება უნდა შეიტანოს.

გაითვალისწინეთ, რომ დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა გარკვეულ შემთხვევებში შეზღუდულია. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს, კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს. ამიტომ, თუ შეცდომა აღმოაჩინეთ, მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ, დაწყებულია თუ არა შესაბამისი პროცედურა და რა წესები ვრცელდება თქვენს შემთხვევაზე. სწორედ ამიტომაც გჭირდებათ კვალიფიციური გუნდის დახმარება, რომელიც შესაბამის საკითხებში ერკვევა. 


როგორ უნდა მოემზადოს კომპანია საგადასახადო შემოწმებისთვის?

საგადასახადო შემოწმებისთვის მომზადება მხოლოდ დოკუმენტების შეგროვებას არ გულისხმობს. საჭიროა მათი შინაარსის, აღრიცხვისა და დეკლარაციებში ასახული მონაცემების შედარებაც.


საწყის ეტაპზე სასურველია:

  • დეკლარაციებისა და ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;

  • დღგ-ის მონაცემებისა და შესაბამისი ოპერაციების გადამოწმება;

  • ხელშეკრულებებისა და პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება;

  • წინა პერიოდებში აღმოჩენილი ხარვეზების გამოვლენა;

  • საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობის შეფასება.


თუ ბუღალტერი შეცვალეთ და წინა პერიოდების ინფორმაცია არასრულია ან ჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა, შესაძლოა საჭირო გახდეს ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა. ეს კომპანიას ეხმარება, აღრიცხვაში არსებული ხარვეზები გამოავლინოს და შესაბამისი მონაცემები მოაწესრიგოს.


საგადასახადო საკითხების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული შეცდომების აღმოჩენა, არამედ მათი შესაძლო შედეგების განსაზღვრაც. საგადასახადო კონსულტაცია კომპანიას ეხმარება, შეაფასოს არსებული მდგომარეობა და შემდგომი ნაბიჯები შესაბამისი წესების მიხედვით დაგეგმოს.


რა ხდება, თუ შემოწმების შედეგებს არ ეთანხმებით?

შემოწმების დასრულების შემდეგ დგება აქტი. მასში უნდა აისახოს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები, არგუმენტები და ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც შემმოწმებლები ხელმძღვანელობდნენ. აქტში ასევე მიეთითება საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და შესაბამისი თანხები.


აქტის საფუძველზე საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას გადასახადების ან სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ. გადაწყვეტილების ასლი გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად წარედგინება.


თუ კომპანია შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია კანონით დადგენილი წესით დაიწყოს საგადასახადო დავა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების საფუძვლების, შემოწმებისას მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტების, ასევე კომპანიის პოზიციის დამადასტურებელი მასალების შესწავლა. 


გასაჩივრების ვადა და პროცედურა კონკრეტული გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრება. 


როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა?

პროცესში კვალიფიციური გუნდის ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. IBCCS TAX Georgia-ში ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი სერვისები მრავლისმომცველია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. 


კომპანიებს საგადასახადო საკითხების შეფასებაში, საგადასახადო რისკების გამოვლენასა და შემოწმებისთვის მომზადებაში ვეხმარებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის შესწავლა, საგადასახადო ვალდებულებების შეფასება და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვა.


 დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ საგადასახადო კონსულტაცია. შესაძლო რისკები მანამდე შეაფასეთ, სანამ შემოსავლების სამსახური შემოწმებას დაიწყებს.


ხშირად დასმული კითხვები


რით განსხვავდება საგადასახადო აუდიტი ფინანსური აუდიტისგან?

საგადასახადო აუდიტი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების შეფასებას გულისხმობს. ფინანსური აუდიტი კი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას მოიცავს. მათ განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფინანსური ინფორმაციის სიზუსტე და დოკუმენტაციის მოწესრიგება.


რამდენი წლის მონაცემებს ამოწმებს შემოსავლების სამსახური?

ზოგადი წესით, საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. ის შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან აითვლება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადა შეიძლება გაგრძელდეს ან განსხვავებული წესი მოქმედებდეს.


შეიძლება თუ არა შეცდომის გასწორება შემოწმების დაწყებამდე?

თუ დეკლარაციაში შეცდომას აღმოაჩენთ, მისი გასწორება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით. თუმცა, თუ შემოწმება უკვე დანიშნულია ან მიმდინარეობს, დეკლარაციის შესწორებაზე შეიძლება შეზღუდვა მოქმედებდეს. ამიტომ, ცვლილების შეტანამდე ცალკეული შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა გადამოწმდეს. 


 
 
 

Recent Posts

See All
საგადასახადო დავა - როგორ გავასაჩივროთ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება?

თუ კომპანია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრების ვადა დამოკიდებულია გადაწყვეტილების ტიპზე. მნიშვნელოვა

 
 
 

Comments


bottom of page