top of page

საპენსიო შენატანები: ახალი წესები და ჯარიმებისგან გათავისუფლება

Oct 12
2 min read

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ წესებს მნიშვნელოვნად ცვლის.

 

ცვლილებები ითვალისწინებს საპენსიო ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების განახლებულ წესებს.

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმები. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება.

 

ამასთან, დამსაქმებელს ექნება 10 სამუშაო დღის საშეღავათო პერიოდი, თუ ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს განუხორციელებელ საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს (საურავს), ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.

 

ჯარიმების ერთჯერადი ამნისტია

 

კანონი ასევე ითვალისწინებს ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებას.

 

დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, თუ აღნიშნული ჯარიმა დაკავშირებულია 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილ საპენსიო ვალდებულებასთან და დამსაქმებელი არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს:


  • განუხორციელებელ საპენსიო შენატანს; და

  • მასზე დარიცხულ საურავს (მიუღებელ სარგებელს).

 

შესაბამისად, დამსაქმებლებს, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებული გადაუხდელი საპენსიო ვალდებულებები ან ჯარიმები აქვთ, მნიშვნელოვანია, დროულად გადაამოწმონ არსებული დავალიანება და ამნისტიით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

განწილვადების შესაძლებლობა

 

2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების მექანიზმი. შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დამსაქმებელი შეძლებს ვალდებულების ეტაპობრივად დაფარვას.

 

ელექტრონული შეტყობინებები

 

საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი ელექტრონულ სისტემაში გაცნობისთანავე. თუ ადრესატი გადაწყვეტილებას მისი განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

რას ვურჩევთ დამსაქმებლებს?

 

თუ თქვენს კომპანიას აქვს წარსული საპენსიო ვალდებულება, გადაუხდელი შენატანი, საურავი ან ადმინისტრაციული ჯარიმა, რეკომენდებულია არსებული დავალიანების გადამოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დაფარვა 2026 წლის 31 დეკემბრამდე, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლებით სარგებლობა.


ჩვენი საგადასახადო და ბუღალტრული ექსპერტები დაგეხმარებიან განსაზღვროთ, ვრცელდება თუ არა თქვენს კომპანიაზე ჯარიმებისგან გათავისუფლების პირობები და დაგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.


დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან.

 
 
 

Comments


bottom of page