ქონების გადასახადი საქართველოში - ვის ეხება ახალი 100 000 ლარიანი ზღვარი?
პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს:
თუ ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. თუ ოჯახის შემოსავალი
100 000 ლარს აღემატება, დასაბეგრი ქონების მიმართ გადასახადის განაკვეთი მისი საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე იქნება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ პროექტის მიხედვით, ცვლილება ვრცელდება იმ ქონების გადასახადზეც, რომლის დეკლარირება 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
ვინ მოიაზრება ოჯახის წევრებად?
ქონების გადასახადის მიზნებისთვის ოჯახში იგულისხმება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, ასევე მასთან მუდმივად მცხოვრები და საერთო მეურნეობის მქონე მშობელი, შვილი, გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა და შვილიშვილი. მნიშვნელოვანია, რომ თავად გადასახადის გადამხდელი განსაზღვრავს, ჩამოთვლილი პირებიდან ვინ ცხოვრობს მასთან მუდმივად და ვინ ეწევა მასთან ერთად საერთო მეურნეობას.
ვის ეხება ქონების გადასახადი?
ქონების გადასახადის ვალდებულება შეიძლება წარმოეშვას როგორც
საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირს. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც საქართველოში დასაბეგრი ქონება აქვთ, ქონების გადასახადის მიზნებისთვის უცხოეთში მიღებული შემოსავალიც გაითვალისწინება.
ხშირად დაშვებული შეცდომები:
მიწის გადასახადი - ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის დადგენილი ოჯახის შემოსავლის ზღვარი მიწაზე არ ვრცელდება. მიწის დაბეგვრა ცალკე წესით განისაზღვრება.
ხელფასის არასწორი დათვლა - ოჯახის შემოსავლის განსაზღვრისას ხელფასი უნდა გაითვალისწინოთ დარიცხული და არა მხოლოდ „ხელზე ასაღები“ თანხით.
შემოსავლების არასწორი კლასიფიკაცია - მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს, რომელი შემოსავლები უნდა იქნეს გათვალისწინებული ქონების გადასახადისთვის დადგენილი შემოსავლის ზღვრის განსაზღვრისას. ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ხელფასს, არამედ სხვა სახის შემოსავლებსა და მიღებულ ქონებასაც, მათ შორის უცხოეთიდან მიღებულ ფულად გზავნილებს, ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებულ ქონებას, საცხოვრებელი ბინის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს და სხვა შემთხვევებს.
თითოეული ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.
IBCCS TAX საქართველო დაგეხმარებით ქონების გადასახადის ვალდებულების სწორად განსაზღვრასა და დეკლარაციის დროულად წარდგენაში.
გჭირდებათ კონსულტაცია ქონების გადასახადთან დაკავშირებით?
დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია ჩვენს ექსპერტებთან.



Comments